დღგ-ის გადამხდელისათვის სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ N 996 ბრძანების 563 მუხლის შესაბამისად, დღგ-ის გადახდისგან თავის არიდების, მათ შორის უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების წინააღმდეგ მიმართული ადმინისტრაციული ღონისძიებების ფარგლებში შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 15 იანვრის N 107 ბრძანების საფუძველზე, განისაზღვრა თუ რა შემთხვევაში ენიჭება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს კვალიფიციური ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი:
• დღგ-ის გადამხდელად ახლად დარეგისტრირებული პირი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან ითვლება არაკვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელად.
• კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს ავტომატურად, არაუგვიანეს შესაბამისი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სპეციალური პროგრამის მეშვეობით, უუქმდება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი და მიენიჭება არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, თუ მას ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია (ასეთ შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული თანხა 0-ის ტოლია).
• კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი ენიჭება შემოსავლების სამსახურის უფროსის N107 ბრძანების ამოქმედების (მიმდინარე წლის 20 იანვარი) მომენტისთვის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირებს, თუ მათ ბოლო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში უფიქსირდებათ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია (ასეთ შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული თანხა 0-ის ტოლია). წინააღმდეგ შემთხვევაში პირი ჩაითვლება არაკვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელად.
არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს, აღნიშნული სტატუსის მოქმედების პერიოდში ეზღუდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების უფლება, აგრეთვე იზღუდება მათზე აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემა.
კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით შემოსავლების სამსახურს წარედგინება განცხადება „კვალიფიციურ დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ“.