ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ
- აპრილი 2, 2018
- Posted by: adminr
- Category: სიახლეები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში მიმდინარე წლის 5 იანვარს განხორციელებული ცვლილებით, გადასახადის გადამხდელებს დამატებით ექვსი თვით – 2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 კალენდარული თვის განმავლობაში უგრძელდებათ შეღავათი საშემოსავლო გადასახადში. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში დამქირავებელი უფლებამოსილია შეიმციროს (ბიუჯეტში არ შეიტანოს) დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან 1 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება.
ამავე ცვლილებით, 2020 წლის 1 დეკემბრიდან მომდევნო 6 კალენდარული თვის განმავლობაში გაგრძელდა ქონების იჯარის/ლიზინგის მომსახურების დღგ-ით დაბეგვრის შესაძლებლობა შესაბამისი თანხის ფაქტობრივად გადახდის საანგარიშო პერიოდში.
სსკ-ის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილში მიმდინარე წლის 5 იანვარს განხორციელებული ცვლილებით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია შემდეგი ქონება, რომლის დეკლარირება საგადასახდო კოდექსით 2021 წელს არის გათვალისწინებული:
„ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“ (სეკ 006-2016):
• 55.1 კოდით (სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები) ან/და 55.2 კოდით (დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
• 56.1 კოდით (რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
• 56.3 კოდით (სასმელებით მომსახურების საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება;
• 79 კოდით (ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები) გათვალისწინებულ საქმიანობაში გამოყენებული ქონება.
შენიშვნა: ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზედაც, თუ ეს ქონება ზემოთ მითითებულ რომელიმე საქმიანობაში გამოიყენება.